ფართოზოლოვანი კავშირი

კატეგორია: მობილური • გამოქვეყნებულია: 27 თებ 2014

რა არის ფართოზოლოვანი კავშირი?
„ფართოზოლოვანი კავშირი“ პრაქტიკაში დამკვიდრებულია, როგორც მაღალსიჩქარიანი და უწყვეტი ინტერნეტშეერთების აღმნიშვნელი ტერმინი.

რა უპირატესობა აქვს ფართოზოლოვანი ინტერნეტ კავშირს?
ფართოზოლოვანი მომსახურება საშუალებას იძლევა მიიღოთ ის მომსახურება, რომელიც ინტერნეტის ქსელთან დაბალსიჩქარიანი კავშირის შემთხვევაში ხელმისაწვდომი არაა, მაგალითად: ინტერენტ ტელეფონია, ვიდეო ზარი, ონლაინ ვიდეო მომსახურება, ინტერენტ ტელევიზია, დიდი ზომის ფაილების სწრაფად გადმოწერა და გაგზავნა, ონლაინ თამაშები და სხვა მულტიმედიური სერვისები.
რა უნდა გავითვალისწინოთ მომახურების პაკეტის შერჩევისას?
ფართოზოლოვანი მომსახურების ძირითადი მახასიათებელია ინტერნეტის სიჩქარე, რომელიც არსებითად განსაზღვრავს თუ რა სახის და ხარისხის მომსახურების მიღებას შეძლებთ.
ქვემოთ მოცემული ცხრილი დაგეხმარებათ სასურველი პაკეტის შერჩევაში:

შეერთების ტიპი შეერთების სიჩქარე სტანდარტული ვებ-გვერდის ჩამოტვირთვა (100 კბაიტი) 5 წთ. სიმღერის ჩამოტვირთვის
დრო (5 მბაიტი)
ვიდეოს ხარისხი
Dial-up 56K 14 წამი 12.5 წუთი დაბალი ხარისხი
ISDN 256K 3 წამი 3 წუთი
ADSL 512K 1.6 წამი 1. 30 წუთი
ADSL2 1Mb 0.8 sec 41 წამი   საშუალო ხარისხი
ADSL2 2Mb 0.4 sec 20 წამი
ADSL2 4Mb 0.1 sec 5 წამი
ADSL2+/Fiber-Optic 6Mb მყისიერი 3.5 წამი
ADSL2+/Fiber-Optic 8Mb მყისიერი 2.5 წამი TV ხარისხი

რას ნიშნავს ინტერნეტის სიჩქარე?
გამოცხადებული ანუ რეკლამირებული სიჩქარე - ეს არის სიჩქარე, რომელსაც, როგორც წესი, ინტერენტის მომსახურების მომწოდებელი კომპანიები იყენებენ მათ მიერ შემოთავაზებული მომსახურების პაკეტების დიფერენცირებისათვის. რეკლამირებული სიჩქარე, ჩვეულებრივ შეესაბამება იმ მაქსიმალურ სიჩქარეს, რომელიც შესაძლოა მიღწეულ იქნას ინტერნეტის ქსელთან წვდომის ცალკეულ შემთხვევებში და არა მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში.

საქართველში დანერგილი ძირითადი ფართოზოლოვან ინტერნეტის მიწოდების ტექნოლოგიები:

ADSL/ADSL2/ADSL2+ -ასიმეტრიული ციფრული სააბონენტო ხაზი. აღნიშნული მომსახურების მისაწოდებლად სპილენძის სატელეფონო ხაზზე დგება სპეციალური მოწყობილობა ე.წ. „ADSL-ის მარშუტიზატორი“ (მისი საშუალებითაც ხდება სატელეფონო და ინტერნეტ-ფართოზოლოვანი სიგნალების გაყოფა), რომელშიც ქსელის კაბელით მიერთებულია კომპიუტერი.
სატელევიზიო კაბელი - იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სახლში შემოყვანილია საკაბელო ტელევიზია, ფართოზოლოვანი მომსახურება შესაძლოა მიიღოთ ამ კაბელის მეშვეობითაც, პრინციპი ADSL-ის შემთხვევის ანალოგიურია.
უსადენო ფიქსირებული კავშირი - აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით ფართოზოლოვანი მომსახურების მიწოდება, უმეტესად ხორციელდება ნაკლებად დასახლებულ ადგილებში, თუმცა მომსახურების აღნიშნული სახე ქალაქებშიც საკმაოდ გავრცელებულია. ინტერნეტთან წვდომა ხორციელდება შენობის სახურავზე ან აივანზე დამონტაჟებული მცირე ზომის ანტენის მეშვეობით, რომელიც თავის მხრივ მიერთებულია მომხმარებლის კომპიუტერთან.
თანამგზავრული კავშირი - ამ ტექნოლოგიით მიწოდებული მომსახურება უალტერნატივოა ძნელად მისადგომი, მთიანი რეგიონებისათვის ან ისეთი გეოგრაფიული არეალისათვის, სადაც შეუძლებელია სადენიანი ან მიწისზედა უსადენო კავშირის უზრუნველყოფა.
მობილური ინტერნეტი - მობილური ფართოზოლოვანი მომსახურების მომხმარებლები ინტერნეტთან დასაკავშირებლად იყენებენ მობილურ ტელეფონებს, ან სიმ ბარათებით აღჭურვილ სპეციალურ მოწყობილობებს, რომელიც, შეიძლება მივუერთოთ კომპიუტერს.
ოპტიკური ინტერნეტი - ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენიანი ტექნოლოგია, ყველა სხვა ტექნოლოგიასთან შედარებით, ინტერნეტთან წვდომას ყველაზე სტაბილურად და მაღალი სიჩქარით უზრუნველყოფს. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლოა მიწოდებული იყოს რამოდენიმე სახის სატელეკომუნიკაციო მომსახურება ერთდროულად და მაღალი ხარისხით (მაღალი ხარისხის ინტერენტი, ინტერენტ ტელეფონია, ინტერენტ ტელევიზია).

ვებ-გვერდი: analytics.comcom.ge

კატეგორიები